აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვა დაწესდა
მათი ინფორმაციით, ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2020 წლის 10 აგვისტოს დაიწყო.
„მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა, სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა. ამავდროულად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, უარს აცხადებს სასამართლოს მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაზე“, – ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მაჟორიტარობის დაანონსებიდან რამდენიმე საათში მის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.