ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები

როდის გახდება ცნობილი ბაჩალიაშვილის სამედიცინო ექპერტიზის დასკვა, რომელიც მისი გარდაცვალების მიზეზს დაადგენს

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ოჯახის თხოვნითაა ჩართული “მეტრონომთან” სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შესახებ საუბრობს. ჯიშკარიანის თქმით, პროცედურულად, ექსპერტიზის დასკვნა მის ცენტრს გამოძიებას უნდა მიეწოდებინა, მაგრამ ამ დრომდე ლოდინის რეჟიმში არიან.

ჯიშკარიანისთვის არაა ცნობილი, ამ დრომდე დასრულდა თუ არა ექსპერტიზის პროცესი თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ამაზე პასუხს არც გამოძიება იძლევა. მისი თქმით, საქმის ადვოკატმა გამოძიებასთან დააყენა შუამდგომლობა, რომ მხარეს საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები გადაეცეს, მაგრამ ამ დრომდე რეაგირება არაა.

“როდის გახდება ცნობილი სამედიცინო-ექსპერტიზის პასუხი, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ამ კითხვით გამოძიებას უნდა მიმართოთ. ამდენი ხანი რას უყურებენ, არ ვიცი. ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა და გამოვითხოვეთ დასკვნა, ველოდებით პასუხს, მაგრამ გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს ექსპერტიზის დასკვნა. ველოდებით, ამ დასკვნას როდის მოგვაწვდიან. გამოძიებამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოგვაწოდოს და ამის შემდეგ დამატებით რაც იქნება საჭირო, ჩვენს ცენტრში გაკეთდება.

ხოლო, თავად ექპერტიზის ბიუროში დასრულდა თუ არა პროცესი, ვერ გეტყვით. ამაზე ინფორმაცია გამოძიებას უნდა ჰქოდეს. პროცედურულად ასეა. ჩვენ ადვოკატს მივმართეთ, ადვოკატმა გამოძიებასთან  შუამდგომლობა დააყენა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები გადმოგვეცეს, დღემდე ველოდებთ, არანაირი პასუხი არაა,”- აცხადებს ჯიშკარიანი.

კითხვაზე, გარდაცვალების რა სავარაუდო მიზეზების დადება შეეძლება ექსპერტიზის დასკვნას, ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხზეა დამოკიდებული.

“ინექცია ეს თეორიული დაშვება იყო, სხვა არაფერი. არა მარტო ექსპერტიზის პასუხებით, სისხლის სამარლის საქმის მასალებიტ უნდა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი და როცა დასკვნა გვეცოდინება, ამაზე შემდგომში ვიმსჯელებთ. ვნახოთ, რას დაადგენს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა,” აცხადებს სასამართლო-ექსპერტი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. საქმეზე დანიშნულია რამდენიმე სახეობის ექსპერტიზა. ამ დროისთვის ცნობილია კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა გარდაცვლილის კუთვნილ მოწყობილობიდან ინფორმაციის ამოღება ვერ მოხერხდა. ოჯახი საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვს, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....