საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი.
„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლირებადია.
“არაფერი პანიკის საფუძველი არ არის. გვაქვს ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად. მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული.