ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული.

“ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.

ამავე საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს  ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....