23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ძმა, გიორგი ბაჩალიაშვილი საზოგადოებას მიმართავს. მისი თქმით, არც მას და არც მის დას მშობლების ყურადღება და სიყვარული არ აკლდათ.
“მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს თუ არაადამიანს, ვინც დაკავებულია, ჩემი, მამაჩემის თუ დედაჩემის ღირსების შელახვით და ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი და არც მამაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია და არც დედაჩემისგან.
ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვინც დაკავებულია კლავიატურაზე კაკუნით, მობრძანდეს ჩემს სახლთან, დამიკაკუნოს პირდაპირ კარებზე და გავცემ მე სათანადო პასუხს. არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ. არ მომკლებია მამაჩემის ყურადღება და არც ჩემს დას მოკლებია”, – აცხადებს გიორგი ბაჩალიაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა ჩატარდება. ადგილზე იმყოფებიან ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.