გენერალურმა პროკურატურამ Facebook-ის ადმინისტრაციას გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის Instagram და Facebook გვერდების მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართა. 23 წლის ახალგაზრდა ქალის Google-ს მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, Youtube), მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართა.
“24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.
27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით.
27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა” – ნათქვამია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

