ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სახელმწიფოს მიერ ახალი სოციალური დახმარების გამოყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება რამდენადაც მისასალმებელია, იმდენად მისი კრიტიკის საფუძველიც არსებობს. ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება მოსაზრებას, უკავშირდება თუ არა ახალი დახმარებების გაცემა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას, ანალიტიკოსის შეფასებით, არაა გასაკვირი, რომ მთავრობა ყოველივე ამას საარჩევნოდ იყენებს, მაგრამ მორალური უფლება არ არსებობს, ის მოქალაქეების დახმარების გამო გააკრიტიკონ.
“გასაგებია, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. ეს შეფასების საკითხია, ხელისუფლება ამ ყველაფერს არჩევნებთან აკავშირებს, რადგან მათი ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. მაგრამ მეორეს მხრივ, ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს, თქვა, რომ ადამიანებს, რომელთაც ძალიან უჭირთ, არ დაეხმაროთ. უნდა დაეხმარონ. მორალური უფლება არ გვაქვს, გავაკრიტიკოთ, რადგან ხალხს ძალიან უჭირს და მათთვის ყველა კაპიკს მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ეს სოციალური დახმარება თავისთავად კარგია, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს,”- აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის თქმით, ერთჯერადი დახმარება მოქალაქეებს შედარებით ცხოვრებას გაუადვილებს, მაგრამ სამომავლოდ ეს კურსის ინფლაციას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გააძვირებს.
“საერთოდ, ასეთი სოციალური პროექტები ეკონომიკური ზრდით ბალანსდება. როდესაც ეკონომიკის ზრდის მაგივრად გაქვს ვარდნა და ამ დროს შენ სოციალურ ხარჯებს ზრდი, ეს საბოლოოდ სერიოზულ ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს, ანუ ძვირდება ფასები და იგივე ადამიანებს შემდეგ უძვირდებათ ცხოვრება. ერთი შეხედვით, თითქოს ეხმარები, მეორეს მხრივ, მათ შემოსავლებს მყიდველობით უნარს აკლებ და შესაბამისად, მას კიდევ უფრო აღარიბებ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასეთი სულელური თამაში გამოდის,”- აღნიშნავს ანალიტიკოსი.
როგორც ხუხაშვილის განმარტავს, მოქალაქე 200 ლარს რომ მიიღებს, კი ესიამოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის კიდევ უფრო გაღარიბდება, რადგან სამომხმარებლო კალათა გაუძვირდება.
“წარმოიდგინეთ, 485 მილიონი ბაზარზე რომ გამოდის არაფრით გამაგრებული, ფაქტობრივად ქაღალდი, ეს რამხელა ინფლაციას მისცემს მიძგს. ასე, რომ ჩიხური სიტუაციაა. ერთის მხრივ, საკუთარ თავს მორალურ უფლებას ვერ მისცემ, გააკრიტიკო და მეორეს მხრივ, კრიტიკის საფუძველი არსებობს. საერთოდ სჯობს, თანხები იდებოდეს ეკონომიკაში, ანუ ადამიანებს მუდმივად ფულს კი არ სთავაზობდნენ, რომელსაც შეჭაამს, როცა მოშივდება, არამედ დასაქმებული იყოს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და თვითონ წვეტდეს თავის სოციალურ პრობლემებს და არა ისე მუდმივად მათხოვრულად ვიღაცისგან ფულის გადაგდების იმედზე იყოს,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოქალაქეებს ახალი სოციალური პაკეტის ფარგლებში ფინანსურად დახმარებას გაუწევს. დახმარების პაკეტი დღეს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას წარუდგინა. დახმარების პაკეტისთვის მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 130 ილიონი ლარი გამოყენებული იქნება StopCoV ფონდიდან, სადაც 100 მილონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა შემოწირულობის სახით კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გადარიცხა.
თათია შაიშმელაშვილი