ზუგდიდში, სოფელ ქვალონთან ხელკეტებითა და აგურებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები ავტობუსს დაესხნენ თავს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პირი, მას ქვა შუბლში მოხვდა.
როგორც სატრანსპორტო კომპანია “გლობუსის” წარმომადგენლები აცხადებენ, თავდასხმა შურისძიებას უკავშირდება.
მათი თქმით, კონკურენტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მათ მგზავრებს ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უსწორდებიან, რომ სამგზავროდ “გლობუსის” ტრანსპორტს ირჩევენ.
“მიზანმიმართული იყო, ეს იყო გამიზნული მძღოლზე, რომ მძღოლი დაბნეულიყო და მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა. მიჰყავდა 30 კაცი და 30-ვე ადამიანს ემუქრებოდა საფრთხე. რა თქმა უნდა, კონკურენციაა, ჩვენი ავტობუსები არის გამართული, მოწესრიგებული ავტობუსები. ჩვენს კონკურენტებს ეს არ აწყობთ, ამიტომ მიდის ჩვენზე თავდასხმა, ეს არის მეორედ მომხდარი ფაქტი უკვე”, – ამბობს ავტოსატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი.
თავდამსხმელები შემთხვევის შემდეგ გაიქცნენ და ავარიაში მოყვნენ. პოლიციამ ამ დროს 2 სავარაუდო დამნაშავე დააკავა.