23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება სარწმუნო არ არის. ამის შესახებ რამიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, საბოლოო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ხვალ გახდება ცნობილი.
„შსს-ს განცხადება არანაირად არ არის სარწმუნო, ხვალ გავაკეთებთ განცხადებას მე და ოჯახის წევრები. ხვალ იქნება საბოლოო პოზიცია და რეალური სურათი, იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს რამიშვილი.
კითხვაზე, ხომ არ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული განცხადებით საქმე იმგვარად თითქოს, თამუნა ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ადვოკატი აცხადებს: „რა თქმა უნდა, კი, ხვალ იქნება ამაზე საუბარი“.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
შსს-ს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.
ამასთან შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.