მას შემდეგ რაც პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, “მეტრონომმა” მათთან დაკავშირება სცადა. ვაშაძე, რომელიც, მისი გადაწყვეტილების გამო ოპოზიციის მხრიდანაც კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, კონტაქტზე არ გამოვიდა. ამიტომ კომენტარი თაკო ჩარკვიანს ვთხოვეთ. როგორც იცით, მან და “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დატოვეს.
“მეტრონომი”: რა ძირითადი “მესიჯები” გაქვთ ამომრჩეველთან ახლახან, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ?
თაკო ჩარკვიანი: მთელ პოლიტიკურ სპექტრში, გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, გამორჩეული ფიგურაა საქართველოში, ვისაც შესწევს უნარი, უნიკალური რეფორმატორული პროგრამები განახორციელოს, ამიტომაც, გავერთიანდით. პირველი რეფორმა, რაც უნდა გაკეთდეს “სტრატეგია აღმაშენებლით,” ეს იქნება სამართლებრივი რეფორმა. სწორედ რეფორმებში უნდა მიდიოდეს ის მოპარული ბიუჯეტი. გიორგი ვაშაძისნაირი გონიერი, ინტელექტუალური კადრი არ უნდა გავალანძღინოთ საყოველთაოდ ცნობილ უვიცს.
“მეტრონომი”: ვის გულისხმობთ?
თაკო ჩარკვიანი: მოტლიკინე კაცების მეტი რა არის?! – უვიც ადამიანში ვგულისხმობ ალეკო ელისაშვილს. სასაცილომდე დუპლეტია. დაახლოებით ათი თვის წინ უსინდისო, ქურდი და გარეწარი უწოდა გიორგი კვირიკაშვილს და შემდეგ უთხრა, რომ თუკი მის პარტიაში შევიდოდა, ბედნიერი იქნებოდა.
“მეტრონომი”: თქვენსა და ვაშაძის მიერ “ძალა ერთობაშიას” დატოვების ფაქტს, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ექსპრეზიდეტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე “ბნელ მხარეს გადავიდა.” როგორ შეაფასებდით აღნიშნულს?
თაკო ჩარკვიანი: მიხეილ სააკაშვილს ვთვლი უნიჭიერეს, უძლიერეს პოლიტიკოსად და რეფორმატორად. ეს კრიტიკაა და არაფერი სხვა. ჩვენ, დასავლეთის ვექტორი და გონიერი ადამიანები ერთმანეთს უნდა ვეკამათებოდეთ, ეს სხვა ხარისხია. მან თქვა ზომიერად და მეც ვუპასუხე ძალიან ზომიერად. ეს არის პოლიტიკური ოპონირების ფორმა.
სულ მეკითხებიან “მიშამ რომ ეს თქვა?” – არაფერია ეს. შეიძლება სადღაც რაღაცამ გაგკრას, გეტკინოს და გეწყინოს… მთავარია წითელი ხაზები არ იყოს გადალახული. ჩვენ ყველანი უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის მიმართ ასეთ გამოსვლებს.
“მეტრონომი”: რაც შეეხება უშუალოდ “ძალა ერთობაშიას” დატოვების რეალურ მიზეზს…
თაკო ჩარკვიანი: არ ვსაუბრობ ყველაფერზე, არ მინდა ზიანი მივაყენო დასავლურ ვექტორს. ცხადია წავაწყდი წინააღმდეგობას, არ იყო კარგი იქ, რაც იყო. კარგა ხანია ეს გრძელდება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ვთქვი, რომ ჩვენ კოლეგებად დავრჩებით.
პოლიტიკოსების იმ კატეგორიას მივეკუთნები, რომელიც მომხრეა, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეუწყდეს პოლიტდევნილობა, – იმ პრეზიდენტს, რომელიც ებრძვის რუსეთს, – ამაზე ხელი მოვაწერე.
დროა მივხვდეთ, რომ რაღაცები შეიძლება არ მოგვწონდეს, თუნდაც ყოფილ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომელიც უდაოდ იყო პენიტენციურ სისტემაში სააკაშვილის დროს, მაგრამ უდაოა, სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობა იყო და ამის არ დანახვა, სიბეცეა.
თამარ შუკვანი