ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მთავარი იქნება ამის შემდეგ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ის” – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მისი თქმით, გამოძიებაში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა საკმარისი არ არის, რადგან შესაბამისი მოთხოვნით ფედერალურ ბიუროს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოჯახის მოთხოვნაა, რომ ფედერალური ბიუროს ექსპერტების ჩამოსვლამდე, ბაჩალიაშვილის ავტომობილის გახსნა არ მოხდეს:

“ამათი (შსს) მხრიდან მხარდაჭერა იმას არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად იქნება იმ ფორმით, როგორი ფორმითაც გვინდა. ამაში უნდა ჩაერთოს პროკურატურა და გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. დღეს შევხვდებით შსს-ს ხელმძღვანელობას, მაგრამ მთავარი იქნება ამის შემდეგ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ ირაკლი შოთაძესთან გვექნება შეხვედრის მოთხოვნა, რომ ზუსტად ვიცოდეთ დრო, საათი და უკვე ის პერიოდი, როდესაც იქნება მათი მხრიდან მოთხოვნა ფედერალური ბიუროს წარმომადგენლების ჩამოსვლაზე. ესენი საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, გამოძიების ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა.

“დალუქულია ავტომობილი და გავარკვევთ ექსპერტები FBI-დან როდის შეძლებენ ჩამოსვლას, რა პერიოდი დასჭირდება. გამოძიების ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან არ ითქვას მერე და დარწმუნებული ვარ ამას მოჰყვება ძალიან დიდი პროტესტი ოჯახის მხრიდან თუ მოხდება ავტომობილის FBI-ს ექსპერტების გარეშე გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება. ეს იმიტომ რომ არის ინფორმაციები, რომ არასრულყოფილად არის ყველაფერი” – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისათვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....