ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თამარის დაკარგვის ამბავი სამი დღის შემდეგ გავიგე, რატომ უნდა მომეძებნა მე, ალოგიკურია…” – ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულთან

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელი­სო კი­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს ვი­დეო-ინ­ტერ­ვი­უს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ გარდაცვლილი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

“ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის “შეყვარებულთან,” ძალიან უცნაურად მომეჩვენა ბევრი დეტალი-ბოლომდე უყურეთ! საერთო ფოტოც კი არ აქვთ” – წერს კილაძე.

ბაჩანა ლობჟანიძე თამართან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, თამარისა და მისი ურთიერთობა არ იყო სტანდარტული შეყვარებულების მსგავსი და ისინი ერთმანეთს ენდობოდნენ. მისი განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ასევე მიიჩნევს, რომ თამარის “ლეპტოპის” ექსპერტიზა არ არის სათანადოდ ჩატარებული. როგორც იგი ინტერვიუში ამბობს, როდესაც თავის შეყვარებულის გაუჩინარების შესახებ გაიგო, გოგონას დაკარგვიდან 3 დღე იყო გასული.

“არ იყო თამართან ურთიერთობაში შესვლა მარტივი, არც გოგოსთვის და არც ბიჭისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ქედმაღალი იყო, ჩემ მიმართ არ ვამბობ, უბრალოდ ასე მარტივად ვერ გაესაუბრებოდი. თამარი უნივერსიტეტში გავიცანი, ჩემი ყურადღება მიიქცია წიგნმა, რომელსაც ლექციის დროს კითხულობდა ხოლმე, რადგან ეს წიგნი არ არის მარტივი წიგნი, ამიტომ დავინტერესდი მისით. როცა ერთმანეთს ვნახულობდით უნივერსიტეტში, ვხვდებოდით ორივე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა.

ბოლოს 19 ივნისს ვნახე, დაბადების დღე ორივეს ერთ დღეს გვაქვს. ერთად აღვნიშნეთ დაბადების დღე, ვიყავით ლისის ტბასთან, შემდეგ ძველ თბილისში. თამარი დადებითად იყო განწყობილი, ბევრი რამ ვისაუბრეთ იმ დღეს, გეგმების შესახებაც, მათ შორის სამსახურიდან წამოსვლაზეც. თამარს უნდოდა ისევ საფრანგეთში წასვლა და კიბერუსაფრთხოებაზე სწავლა. შევნიშნე, რომ რაღაცას შორს ფიქრობდა, თითქოს რაღაცას გეგმავდა, ვუყურებდი თამარს და ვატყობდი, რომ შორს ფიქრობდა, თუმცა, მისმენდა, რადგან როდესაც რამეს ვეკითხებოდი მპასუხობდა.

სამსახურის შესახებაც ვიცოდი, “ზეგში” მუშაობა 2017 წელს დაიწყო. თამუნასთან სამსახურში არ ვყოფილვარ, ვიცოდი სადაც მუშაობდა და ვენდობოდი. ჩვენ არ გვქონია ასეთი ურთიერთობები, არ ვიღებდით საერთო სელფებს. ჩვენ ამ ურთიერთობის შესახებ არც ვსაუბრობდით რეალურად. მე და თამარს არ გვყავდა საერთო მეგობრებიც, თუმცა, თამარმა გამაცნო მისი მეგობრები, ასევე ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ თამარის შესახებ.

დაბადების დღეზე ერთმანეთს საღამოს 11 საათისკენ დავშორდით, მე ტაქსით დავბრუნდი სახლში, თამარი თავისი მანქანით წავიდა. მე თვითონ პროგრამული ინჟინერი ვარ, ხელოვნურ ინტელექტზე ვმუშაობ. ასევე ვიცოდი თამუნას მეორე სამსახურის შესახებაც, სადაც დისტანციურად მუშაობდა 10 თვე, თებერვალში დატოვა ეს კომპანია.

თამუნას დაკარვის შესახებ რომ გავიგე, 3 დღის გაუჩინარებული იყო. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის შესახებ უნდა მესწავლებინა მისთვის. თამუნასთან ბოლო კომუნიკაცია გაუჩინარებამდე წინა დღით 6 საათზე ვნახე. ვიცოდი, რომ თამუნა სამსახურებრივ დავალებებს უნდა მორჩენილიყო და მერე მენახა. ტელევიზორში ვნახე, რომ თამარს ეძებდნენ, მესინჯერში არ მიმიწერია, რადგან თვითონ უნდა ეთქვა ამის შესახებ. რატომ უნდა მომეძებნა მე, ალოგიკურია… მე მის მშობლებს არ ვიცნობდი, არც მის სახლში ვარ ნამყოფი. რა უნდა გამეკეთებინა იმ მომენტში, არც არაფრის გაკეთება შემეძლო. ვეცნობოდი ამბებს, მისთვის არც დამირეკავს და არც მიმიწერია, ვადევნებდი ამბებს თვალყურს, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, რომ გავიგე გარდაიცვალა. შემდეგ მივედი სამძიმარზე და გავიცანი მშობლები, მანამდე არც დეა კაპანაძეს არ ვიცნობდი (თამუნას მეგობარი). ვიყავი თამუნას დაკრძალვაზეც, საიდანაც თამუნას ნათესავმა წამომიყვანა.

მე არ მჯერა რომ თამარმა თავი მოიკლა, ასეთი ფაქტი არც დამიშვია. სამხარაულის ექსპერტიზაზე თამარის კომპიუტერის გახსნას მის ადვოკატთან ერთად დავესწარი, კითხვებს რომ ვუსვამდი ვერაფერზე პასუხი ვერ გამცეს. უნდა გაირკვეს რა მოუვიდა თამარის ლეპტოპს, რადგან რომ გახსნეს, რაც იქ დახვდათ ის არ არის პროგრამისტის ლეპტოპი. ვინც ექსპერტიზა ჩაატარა, მას უნდა ამოეღო ორი სახის ფაილები – ერთი, რომელიც თამარმა ჩაწერა ოდესმე და წაშალა და მეორე, რაც დახვდათ ლეპტოპში. ჩემი აზრით, თამარის კომპიუტერზე განხორციელებულია წვდომა, წაშლილი აქვთ მისი Facebook გვერდი, ეს საეჭვოა. დღეს გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდე, მარიამ ვარდიაშვილზე, რომელსაც მგონი თეთრიწყაროში ცხოვრობს. ვარდიაშვილი თამარმა გამაცნო 2018 წელს” –  განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულმა,  ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....