თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ გავრცელებული განცხადებიაში. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლილს ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან.
ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კამერების შესახებ ინფორმაცია გამოძიებას სწორედ მან მიაწოდა. თუმცა, თავის მხრივ, საკალმახეში ამბობენ, რომ კამერების ჩანაწერებს ვერ ამოიღებდნენ, რადგან ვიდეოკონტროლი ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა.
“სხვადასხვა მასმედიისა და ტელევიზიების საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც სიმართლის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით თავს ვალდებულად ვთვლით, ვუპასუხოთ აღნიშნულ ცრუ ინფორმაციას.
საკალმახე მეურნეობის ტერიტორია ჩვენს მფლობელობაშია მეოთხე წელიწადია და ის იმყოფება რეკონსტრუქციის პროცესში. ტერიტორიაზე არსებული კამერები ჩვენს მიერ ობიექტის შეძენის დროსაც იყო, მაგრამ უფუნქციოდ, ვინაიდან არ იყო მუშა მდგომარეობაში. ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები და ობიექტი არ არის დასრულებული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე კამერები არ მუშაობს იმ პერიოდიდან, როდესაც ის ჩვენ შევიძინეთ ძველი მეპატრონისაგან 4 წლის წინ. ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის განთავსებული სასტუმრო. ობიექტზე ფუნქციონირებს მხოლოდ თევზის წარმოება და სეზონული გარე (ღია სივრცის) თევზის რესტორანი.
2020 წლის 2 აგვისტოს ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გამოკითხვები და მოხდა დამონტაჟებული კამერების, რომელიც ჯერ კიდევ წინა მეპატრონის მიერ იყო ჩაჭრილი, ვიზუალური დათვალიერება და ექსპერტების მიერ დაფიქსირებულ იქნა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ მუშა მდგომარეობაში, კამერის ჩანაწერები არ ყოფილა ამოღებული, რადგან ჩვენი კამერები არ მუშაობს 4 წელიწადია და არც სერვერი არ გაგვაჩნია, შესაბამისად ვერც 10 დღის წინ და ვერც დღეს ვერ იქნებოდა ჩანაწერები ამოღებული, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ არ მიმდინარეობდა ვიდეო კონტროლი.
კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ოჯახს ამ დიდი ტრაგედიის გამო და იმედს ვიტოვებთ, რომ ოჯახი უახლოეს პერიოდში მიაღწევს სიმართლის დადგენას“ – ნათქვამია საკალმახე მეურნეობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. უწყების დატოვების შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქმეში ახალი კამერების ჩანაწერები გაჩნდა, რომელთა ამოღება, მისი თქმით, გუშინ იგეგმებოდა.
საკალმახის განცხადებას ipn.ge ავრცელებს.