შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ჟვანიაც.
მომხდარის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4 დანა დაარტყა. ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდევ ერთი, მეორე ოპერაცია დასჭირდეს. ის კაცი ნასვამი იყო, არ ვიცი, ვიღაც მოსწონდა თუ ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა, მე არ ვიცი. არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციელმაც ყველამ იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – აცხადებს გოგი თოფაძე მომხდართან დაკავშირებით.