“კომისიური ექსპერტიზა ძალიან დიდი გავლენის მატარებელი იქნება შემდგომ შედეგებზე, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული სხვა ვერსიების გამორიცხვა და ძირითადი ჩვენი სამუშაო ვერსიის დატოვება, მისი პასუხის, კომისიური ექსპერტიზის შემდეგ ყველა იურიდიული გზა გახსნილი იქნება 109-ე მუხლის წასაყენებლად”
მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი
TV პირველი, “დღის ამბები”
ცნობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში. სსკ-ის 109-ე მუხლი დაყოფილია სამ ნაწილად და ეს ნაწილები ერთმანეთისგან განსხვავდება მათში მითითებული ქმედებების სოციალური საშიშროებით და, აქედან გამომდინარე, მათთვის დადგენილი სანქციებითაც, ამ უკანასკნელთა სიმკაცრის თვალსაზრისით.
შაქარაშვილების ოჯახი აანონსებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ახალი დოკუმენტი ვრცელდება, რომელიც საქმის ბუნდოვან მხარეებს ნათელს ხდის. დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი არაგვის ხიდთან განვითარებული მოვლენები და ასევე, დაკონკრეტებულია იმ პირთა ვინაობებიც, რომლებიც შაქარაშვილს ბოლომდე მისდევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე გაიმართა და მოსამართლემ 17-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.