ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა ალყაში მოაქცია” – ნიკოლაძე

19 წლის დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, ხოლო ამირხანაშვილმა და ახვლედიანმა გაქცევა შეძლეს. ამის შემდეგ კი გიორგი შაქარაშვილს გაეკიდნენ.

“ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ბავშვს [გიორგი შაქარაშვილს] სამი პირი გამოეკიდა უკვე გადმოსული გზატკეცილზე, ორმა პირმა ამ ამომავალი გზის იქითა მხარეს ჩაუხვია, ეს პატარა მონაკვეთი ჩამოირბინეს და გაემართნენ ქვემოთ.

მოგეხსენებათ ამირხანაშვილი აქვე დაიმალა და ახვლედიანმა განაგრძო წინ სირბილი. ისიც ერთ ადგილზე შევარდა და როგორც ჩანს ვერ დაინახეს და ბავშვმა შეძლო დამალვა. უკვე გიორგი გაეკიდნენ აქედან სამივე. ბავშვი, როდესაც სვეტებთან მივიდა, იქ უკვე სხვა გამოსავალი არ გრჩება, ან უნდა ამოირბინო უკან, ან ქვემოთ უნდა წახვიდე. ეს არის ცალსახა, ეს ვარაუდი არ არის, ეს ასეა საქმეში. ის ორი ვინც ჩაუხვიეს ესენი არიან გაგნიძე და რევაზიშვილი. ამირხანაშვილის ჩვენებაშიც არის, რომ მერე ის ორი ადამიანიც ქვემოდან ამოდიან. ეს ჩვენებები ავსებს ერთმანეთს და ეს არის ცალსახა ფაბულა”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....