გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შემდგომ სწორედ, ამის მიხედვით იმოქმედებს. ამის შესახებ მან ურნალისტებს განუცხადა.
“ოჯახის პოზიცია არის უცვლელი, პირებს, რომლებიც ისხდნენ „ტოიოტა ქამრიში“, პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა დაეკისროთ. რაც შეხება ზოგიერთი ბრალდებულის ოჯახის წევრების საქციელს, ჩვენ ამას მიჩვეული ვართ, არათუ მაიკაზე დაჯღაბნილ რაღაც სისულელეებს, არამედ, ტელევიზიები გვიტევენ პირდაპირ დაზარალებულ ოჯახს და ეწევიან მიზანმიმართულ კამპანიას. ასეთ მდარე ტრიუკებს მიჩვეულები ვართ. თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, აგერ არის გამოძიება, მიბრძანდეს, მისცეს ჩვენება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს სიმართლის დადგენაში, ეს იქნება ის, რაც ევალება თითოეულ მოქალაქეს.
ყველა ის მასალა და მტკიცებულება, რაც არსებობს და რაც შემდგომში იქნება მოპოვებული, განთავსდება ამ სისხლის სამართლის საქმეში და როდესაც მივა სათანადო კონდიციამდე, რომ უკვე ბრალი შეიძლება წარედგინოთ ამ ბრალდებულებს, ამ მუხლით, ეს რა თქმა უნდა, განხორციელდება. ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზის პასუხს და დამატებით სხვა სახის მტკიცებულებებს. როგორც კი ეს მტკიცებულებები შემოვა, ბუნებრივია, პროკურატურა მაშინ იმსჯელებს ბრალეულობის საკითხის განსასაზღვრად” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს მამაც, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის ბიძა ძალოვან უწყებებთან გარიგებაში და საქმის არასწორი მიმართულებით წარმართვაში დაადანაშაულა.