ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა? – არღვევს თუ არა ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციას

მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეს 2-კვირიანი კარანტინის გავლა უწევს და იმავე ქვეყნიდან შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეს კარანტინი არ შეეხება, ირკვევა, რომ საქართველოში დაფიქსირებული 1000-მდე შემთხვევიდან თითქმის ერთი მესამედი “იმპორტირებულია”. მითუმეტეს, თუკი ხელისუფლების საყვარელი “სამი მუშკეტერიდან” ერთ-ერთი პირდაპირ ამბობს, რომ იმდენად მდგრადია გადადგმული ნაბიჯების შედეგი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგად ინფიცირების მკვეთრ მატებას არ ექნება ადგილი. ისმის კითხვა, თუკი ასეა, რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა, ისეთი, რომ მათივე დაქირავებული ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დისკრედიტაციას ეწევა?

მკითხველმა თავად შეაფასოს ხელისუფლების თანამიმდევრულობა და ადეკვატურობა, თუკი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებული კორონაინფექციის 980 შემთხვევიდან 272 უცხოეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე მოდის, რაც 27 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტირებული შემთხვევიდან 127 ადამიანი რუსეთიდანაა შემოსული, თითქმის ნახევარი. დანარჩენი შემთხვევები მოდის თურქეთზე 23 (8,4 %), აზერბაიჯანზე 22 (8%) და სომხეთზე – 21 (7,7%).

იურისტი ლევან ალაფიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ყველგან და აბსოლუტურად ყველა პირობებში, დაიცვას საკუთარი მოქალაქე. მისი თქმით, დისკრიმინაციაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილმდებარეობით არჩევს და მეტ შეზღუდვას უწესებს მხოლოდ იმის გამო, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.

“კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, თავისი მოქალაქის დაცვა, მიუხედავად იმისა, ქვეყნის შიგნით იქნებიან თუ მის ფარგლებს გარეთ, მათზე ზრუნვის ვალდებულება აქვს. შესაბამისად, სახელწიფოს ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, უმთავრეს ვალდებულებას არღვევს, რასაც მოქალაქეების მფარველობა ჰქვია” – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 935-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

ჯიმშერ შხვაცაბაია

იტვირთბა....