“იმდენად მდგრადია გადადგმული ნაბიჯების შედეგი, რომ საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგად ინფიცირების მკვეთრ მატებას არ ექნება ადგილი,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მიუხედავად ხელისუფლებისთვის ასეთი სანდო პერსონის დადებითი პროგნოზებისა და სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათისა, საერთაშორისო საზღვრები ისევ ჩაკეტილია და მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს. რა შედეგს ვიღებთ? საქართველოს მოქალაქეები ვერ გადიან ქვეყნიდან და ვერ შემოდიან ქვეყანაში, სახეზეა ჩვენი მოქალაქეების დისკრედიტაცია ქვეყანაში შემოსვლისას. თუკი საქართველოს მოქალაქე იმ ქვეყნიდან შემოვა, საიდანაც დაშვებულია საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, მას 2-კვირიანი კარანტინის გავლა მაინც უწევს, მაშინ, როცა იმავე ქვეყნიდან შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეს კარანტინი არ შეეხება. რატომ? დაასრულებს თუ არა მთავრობა მსგავს არათანმიმდევრულ მიდგომებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ? ერთხელ და სამუდამოდ, გააკეთებს თუ არა აქცენტს გაღატაკებულ ეკონომიკაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა უმძიმესი ეპიდემიოლოგიური ვითარების მქონე ქვეყნებმაც კი, როგორიც არის ესპანეთი, იტალია, გერმანია და ა.შ გახსნეს საზღვრები?
საგანგაშოა უკვე არსებული სტატისტიკა და სამომავლო პროგნოზებიც. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით შემცირდა. მთავრობის ოპტიმისტური პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. 2020 წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით ნაკლებია. ივნისში საქართველომ თავისი ეკონომიკის წამყვანი დარგიდან – ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 96.7%-ით ნაკლებია.
კოვიდ19-ის გავრცელების პირველივე დღიდან აქტიურად გვესმოდა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებდა ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების მოსაზრებებს და ხელმძღვანელობდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით. NDI-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევითაც ირკვევა, რომ საქართველოში გამოკითხულთა 73% კორონავირუსის შედარებით დაბალ გავრცელებას მთავრობისა და ექიმების მიერ კოორდინირებულად გადადგმული სწორი ნაბიჯების დამსახურებად მიიჩნევს. ამის ფონზე ჩნდება კითხვა, რატომ ავლენს სახელმწიფო ორმაგ სტანდარტს, როცა საქმე საზღვრების გახსნასა და საერთაშორისო ფრენების აღდგენას ეხება? რატომ უგულებელყოფს “ქართული ოცნება” იმ ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს, რომელთაც მთელი ეპიდემიის განმავლობაში უპირობო ნდობას უცხადებდა და ეს ნდობა შემდგომში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების პრეზენტაციაზე ექიმების მიწვევაშიც კი გადაითარგმნა?
ფაქტია, რომ კორონაპანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორს მიადგა, ეს კი პირდაპირპროპორციულად ისახება სასტუმრო, სარესტორნო თუ გასართობ ბიზნესზე. საბოლოოდ კი ეს პირდაპირ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას და უბრალო მოქალაქეს. ტურიზმი არის სფერო, რომელიც მთელი ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, ვინაიდან აღნიშნული სექტორიდან მიღებული შემოსავლები ფართოდ ნაწილდება რეგიონების მოსახლეობაზე. თანაც, ფაქტია, რომ თუ საქართველო კიდევ დიდხანს დარჩება ჩაკეტილი, ქვეყანაში ბიზნესი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც უპირველეს ყოვლისა ნეგატიურად საშუალო და ღარიბი ფენების ცხოვრების დონეზე კატასტროფული შედეგებით აისახება.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მისაღებას გეგმავდა, თუმცა, საზღვრების გახსნაზე ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა. გაჩნდა კითხვა – რატომ გადაიდო ავია-მიმოსვლის აღდგენა ერთი თვით, როცა ევროკავშირი მზად იყო, საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან პირველი ივლისიდან გაეხსნა?
უკვე მოგვიანებით, 8 ივლისს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვარი გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციასა და დარგის ექსპერტებში გააჩინა ლეგიტუმური კითხვა, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ევროპის ხუთი ქვეყანა და რატომ არ აღმოჩნდნენ სიაში ისეთი სახელმწიფოები, სადაც კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება? განსაკუთრებული აქცენტი ხუთეულში შემავალ საფრანგეთზე გაკეთდა,, რომელიც „კოვიდ-19“-სგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.
“რატომ ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც არ იყო ეს ვირუსი. გაურკვეველია მთავრობის გადაწყვეტილება,” – აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი ხელისუფლებას სიის უფრო გაფართოებასა და მეტი უსაფრთხოებისთვის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებას ურჩევდნენ.
მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ გახსნას საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, სადაც პანდემიის რისკი შედარებით დაბალია, ან საერთოდ არ არსებობს, კვლავაც არ დაკმაყოფილებულა, რაც საქართველოს ეკონომიკას გარდაუვალი საფრთხის წინაშე აყენებს. 15 ივლისს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისში აქციაც გამართეს, სადაც ისინი საზღვრების გახსნასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარატინის გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, იზოლაციაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოთავსება ალოგიკურია და სახელმწიფოსგან ზედმეტი ხარჯებს მოითხოვს. მათი მოსაზრებით, ამ შემთხვევაში PCR ტესტების გამოყენება ბევრად უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გადაავადოს საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება, არსებული რეგულაციები გამოიყენოს წინასაარჩევნო მანიპულაციებისთვის და შეიქმნას კოვიდ 19-ის ეფექტიანად მმართველის იმიჯი. ამის შესახებ კობერიძემ “მეტრონომს” განუცხადა.
“ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გადაავადოს საზღვრების გახსნა, რათა წინასაარჩევნო პერიოდში გაწელოს კორონავირუსის საფრთხის საკითხი. მთავრობას აწყობს, რომ შეიქმნას კოვიდ 19-ის ეფექტიანად მმართველის იმიჯი. რეალურად, “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე არის კორონავირუსი. მთავრობამ პირველ ეტაპზე დაუჯერა ინფექციონისტებს, მაგრამ ახლა მთავრობა ცერცვაძესაც არ უჯერებს, რადგან სახეზეა პოლიტიკური დღის წესრიგი. სრულებით არ გამოვრიცხავ, ცერცვაძეს უახლოეს პერიოდში ამ განცხადების საპირისპირო განცხადება გააკეთებინონ,” – აღნიშნა კობერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საზღვრები უპირობოდ გახსნილი აქვს მხოლოდ 5 ქვეყანასთან, მაგრამ რეალურად ფრენები არც ამ სახელმწიფოებში არ ხორციელდება.
“ეს ყველაფერი პოლიტიკური მანიპულაციაა. გვაჩვენებენ, თითქოს გახარია კარგი მენეჯერია, რეალურად კი სწორედ მენეჯმენტში აქვთ ყველაზე დიდი გარღვევა. არჩევნები როცა ჩავლილი იქნება, სავარაუდოდ, 1 იანვრისთვის იტყვიან, ყველაფერი კარგად არისო და გახსნიან საზღვრებს, თუმცა მე მგონია, რომ ეს ტრიუკი და “კოვიდმმართველობა” ასე არ ჩაივლის ამ ხელისუფლებისთვის,” – განაცხადა ” ლევან კობერიძემ.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, რევაზ არველაძემ “მეტრონომთან” საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა საზღვრებს არ ხსნის, ვინაიდან მთავარი პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, თუმცა ამავე დროს, დეპუტატი ამბობს, რომ თენგიზ ცერცვაძე პროფესიონალია, რომელსაც უნდა დავუჯეროთ.
“თენგიზ ცერცვაძე საკუთარი საქმის მაღალი დონის პროფესიონალია. ცერცვაძე რასაც ამბობს, უნდა დავუჯეროთ. აქამდე რაც დავუჯერეთ, კარგად წავიდა საქმე. რახან ამბობს, რომ საზღვრების გახსნა არ არის საშიში, ალბათ, არც არის საშიში. უნდა გავითვალისწინოთ მისი რჩევები და რეკომენდაციები. თავიდანვე მთავრობამ მიიღო მკაცრი ზომები და ეს ყველაფერი კეთდებოდა ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალთა რეკომენდაციით. როგორც ჩანს, მთავრობა თვლის, რომ ჯერჯერობით საზღვრების გახსნა არ არის საჭირო. როგორც კი დადგება ამის დროს, ეს აუცილებლად მოხდება. კორონავირუსი მთელს მსოფლიოშია მოდებული და ხალხი მაინცდამაინც არ გადის სხვა ქვეყნებში დასასვენებლად. ჩვენთანაც დიდი ნაკადები არ არის ტურისტების. საქართველოში პირველი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. აქედან გამომდინარე, ალბათ, სწორად იქცევა ჩვენი მთავრობა,” – დეპუტატ არველაძის “მეტრონომთან” გაკეთებული კომენტარის დედააზრი მკითხველმა თავად შეაფასოს.
ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის პროგნოზით, საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემთხვევაში კოვიდ 19-ის გავრცელება არ მიიღებს მასშტაბურ ხასიათს. ამის შესახებ ბუწაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა.
“ჩემი აზრით, შესაძლებელია ახალი შემთხვევების შემოდინება მოხდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამან არ უნდა მიიღოს მასშტაბური ხასიათი და ხელი არ უნდა შეუწყოს შიდა გადაცემის ინიცირებას,” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
საჰაერო მიმოსვლის შეჩერებამ და საზღვრების ჩაკეტვამ, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა. სასტუმროების, ჰოსტელების, ბარების და რესტორნების ნაწილმა დროებით შეაჩერა მუშაობა, ან საერთოდ დაიკეტა. ამ ფონზე კი ხელისუფლება თანამოქალაქეებს მხოლოდ საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს და არავითარ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს საერთაშორისო საზღვრების ფართოდ გასახსნელად. რეალურად, უმძიმესი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი, ტურისტული სექტორის ეტაპობრივი აღდგენა და ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებისთვის დაუყოვნებლივ საზღვრების გახსნაა. მაშინ, როცა ჯანდაცვის სფეროს მთავრობისთვისვე საყვარელი და სანდო პერსონა ასეთ განცხადებას აკეთებს და საზღვრების სრულყოფილ გახსნაზე საუბრისას, ქვეყანაში შემოსული საქართველოს მოქალაქეების დისკრედიტაციის ფონზე, ხელისუფლება მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკებზე აკეთებს აქცენტს, ეჭვი უფრო და უფრო მყარდება, რომ ის არჩევნებამდე მომხრეთა მიზიდვის მიზნით, მზადაა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პერსონაც კი გადათელოს, ოღონდ “სანუკვარ მიზანს” მიაღწიოს. დროა ამას ბოლო მოეღოს…
ნათია ალავიძე