თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ზეწოლა ხორციელდება, როგორც მაზე, ასევე მისი ოჯახის წევრების მისამართითაც. ამის შესახებ მან გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მის საქმიან რეპუტაციას ლახავენ სასამართლოში პასუხს აგებენ.
„ჩემს მიმართ თვალთვალი კარგად ორგანიზებულია. დარღვეულია ყველანაირი ზომიერება. ასეთი შეურაცხყოფა, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მინახავს. პიროვნული კი არა უკვე ოჯახის წევრებზე არიან გადასული. ეს ხდება როგორც სოციალური ქსელების, ისე პირადში მიმოწერის საშუალებით.
უკვე გარდაცვლილ მამაჩემსაც გადასწვდნენ და აგინებენ, რომ ეგეთი შვილი ვყოფილვარ, მარიამ ჯიშკარიანსაც ხომ ლანძღავენ. ჩემი არასრულწლოვანი 14 წლის შვილის და სრულწლოვანი 23 წლის გოგოს მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ისეთ რაღაცებს კადრულობენ ბავშვი ჭკუაზე აღარ არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. ოფისთანაც კი დავაფიქსირე, რომ მითვალთვალებდნენ და მობილურით მაფიქსირებდნენ, მაგრამ გამექცნენ. ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს.
„ისინი ვინც მტკიცების ფორმით ლახავენ ჩემს საქმიან რეპუტაციას, პატივის და ღირსებას, სასამართლოს მივმართავ და ყველა პასუხს აგებს. დაუსჯელობის სინდრომი საქართველოში უნდა აღმოიფხვრას“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისათვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.