კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უცხოეთიდან საქართველოში შემომსვლელთათვის გარკვეული რეგულაციები შემოიღო. თუმცა, ქვეყანაში შემოსვლის მსურველებისთვის, მათზე დაკისრებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად გადანაწილებული არ არის. თუკი საქართველოს მოქალაქე იმ ქვეყნიდან შემოვა, საიდანაც დაშვებულია საქართველოში უპირობოდ შემოსვლა, მას 2-კვირიანი კარანტინის გავლა მაინც მოუწევს, მაშინ, როცა იმავე ქვეყნიდან შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეს კარანტინი არ შეეხება.
ამ ეტაპზე, საქართველოს საჰაერო საზღვრები ევროკავშირის წევრი 5 ქვეყნისთვის გაიხსნა: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ამ ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეეძლებათ, თუმცა, ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2-კვირიან კარანტინს გულისხმობს, ბევრი ექსპერტის მხრიდან დისკრიმინაციად ფასდება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ყველგან და აბსოლუტურად ყველა პირობებში, დაიცვას საკუთარი მოქალაქე. მისი თქმით, დისკრიმინაციაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილმდებარეობით არჩევს და მეტ შეზღუდვას უწესებს მხოლოდ იმის გამო, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.
“საქართველოს მოქალაქეთა განსხვავება მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მეორე, – საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის და უცხოელის მოქალაქის განსხვავება ორივე ნიშნით, არის დისკრიმინაციული. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეს, ორივეს შეუძლია მოსთხოვო ერთნაირი პროცედურები საქართველოში შემოსასვლელად, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. შესაბამისად, უპირატეს მდომარეობაში აყენებს უცხოეთის მოქალაქეს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს პირიქით – უარეს მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქალაქე მუდმივად ცხოვრობს უცხოეთში და არანაირი განმასხვავებელი პირობები, გარდა მოქალაქეობისა, მათ შორის არ არის.
“კონსტიტუციით, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა, თავისი მოქალაქის დაცვა, მიუხედავად იმისა, ქვეყნის შიგნით იქნებიან თუ მის ფარგლებს გარეთ, მათზე ზრუნვის ვალდებულება აქვს. შესაბამისად, სახელწიფოს ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, უმთავრეს ვალდებულებას არღვევს, რასაც მოქალაქეების მფარველობა ჰქვია” – გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.
ევროკავშირმა მის წევრ ქვეყნებს ურჩია საზღვრები გაეხსნათ არაწევრი 15 ქვეყნისთვის, სადაც შედარებით კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამ ქვეყნებს შორის საქართველოც მოხვდა. ევროკავშირის წევრების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და ამ სიაში შესულ სახელმწიფოებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ნაწილმა გარკვეული დათქმებით, ნაწილმა არ გახსნა, ზოგიერთმა კი საერთოდაც არარეკომენდებულ ქვეყნებთანაც აღადგინა მიმოსვლა.
“ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ხალხის გასულელება სურს და ის სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, პრივილებიით სარგებლობს. კანდელაკის თქმით, რა დააშავა ძალიან ბევრმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც „გამწვანებული“ ქვეყნიდან ვერ შემოდის და კარანტინს გადის. ამ განცხადებით კანდელაკი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ მან PCR ტესტირება ჩაიტარა, თუმცა, კარანტინი არ გაუვლია.
თამარ შუკვანი