ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია მქონდა, ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე” – ცერცვაძე

დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია მქონდა – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თუმცა, ცერცვაძე არ საუბრობს კონკრეტულად თუ რა საზიანო გადაწყვეტილება მიიღო ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ შიდსისა და პათოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით.

“ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის.

მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას ააცილა თავიდან აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 ათასი ავადმყოფი და გადაარჩინა 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ყველაზე მეტი, 300-მდე ადამიანი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არცერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ასეთი დაწესებულების ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საავადმყოფომ ახლა იგრძნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება.

„პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ თუ არ განხორციელდა გადაუდებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. მე ვიცი, რომ ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად “ავერსი ფარმას” ბრალი. გვაქვს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან, რა თქმა უნდა, ის, რაც გაფუჭდა გასული 7 წლის განმავლობაში, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები რომ შეგვისრულოს. ამაზე გვაქვს გარკვეულწილად ახალ მინისტრთან საუბარი”- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს კითხვით მიმართა.

იტვირთბა....