19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გენერალურმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.