ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები” – იმნაძე

იმნაძე

ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “ახალ დღეში” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსს მარტო საქართველო ვერ მოერევა და ვიდრე კორონავირუსი იქნება დედამიწაზე ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი.

“ახალ კორონავირუსს ცალკე ქვეყანა ვერ დაამარცხებს, მთელმა დედამიწამ ერთად უნდა დაამარცხოს. მარტო საქართველო კორონას ვერ მოერევა. ვიდრე კორონა იქნება დედამიწაზე, ჩვენთანაც ყოველთვის იქნება ეპიდემიის რისკი. ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან. ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე მკაცრი კონტროლი გვაქვს. ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ კარანტინის ზონებიდან არის გამოვლენილი. ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ რიგში როგორ ვრცელდება ეს დაავადება – ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე. ამიტომაც გვაშფოთებს ეს შემთხვევები“, – განაცხადა იმნაძემ.

იტვირთბა....