ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ბრალის დამძიმებას ველოდებით ამ გამოძიების ვადებში” – ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რის მიხედვითაც, 11 ბრალდებული ისევ პატიმრობაში დარჩა.

როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ოჯახის პოზიცია “ტოიოტაში” მჯდომ პირებთან დაკავშირებით უცვლელია და ისინი ავტომობილში მყოფი 6-ვე პირისთვის ბრალის წარდგენას სსკ-ის 109-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] ითხოვენ.

“ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ობიექტური. ბრალის დამძიმებას ველოდებით ამ გამოძიების ვადებში. მოგეხსენებათ, რომ ვადა 1 თვით არის გაგრძელებული. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის საფუძველი ახლავე არსებობს. თუ კიდევ რამე შემოგვემატება და ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გამყარდება, ამაზე კარგი არაფერია და ველოდებით, რომ ასეც მოხდება. ჩვენ პრეტენზია გვაქვს 6-ვე პირთან მიმართებაში, რომ მოხდეს 109-ე მუხლის წაყენება”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....