ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება

ცვლილებების შიში – სახელმწიფოებრიობა ქართულად (ბლოგი)

“ადამიანებს აფუჭებს არა ძალაუფლება, არამედ შიში. მათ, ვინც ძალაუფლებას ფლობს აფუჭებს მისი დაკარგვის შიში. მათ კი, ვინც ძალაუფლების მორჩილებაშია, ძალაუფლების წინაშე შიში აფუჭებს.” – აუნ სან სუ ჩი

ბირმელი პოლიტიკოსის ამ სიტყვებს რთულია არ დაეთანხმო!.. რთულია არ დაეთანხმო სიტყვებს, რომლებიც ანბანურისმაგვარ ჭეშმარიტებას ახმოვანებს, ანბანივით მარტივია და კონტრარგუმენტაციასაც არ ექვემდებარება.

დასაწყისისთვის ძალიან მოკლედ, მაგრამ გზა ოდნავ მაინც გავირთულოთ და, სანამ ამ ერთმნიშვნელოვან სიმარტივეს შევეხებით, იქიდან მოვუაროთ, სადაც შიში სათავეს იღებს… სადაც ის განშტოებებს ჯერ კიდევ მოკლებულია.

“სიკვდილის შიშია შიშთა მბრძანებელი!.. უკუნი არარა, გონების მწვალებელი” – სადღაც და ოდესღაც ამას ასე პოეტი აუცილებლად იტყოდა და ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენი ჩათვლით, ეთანხმება კიდეც.

მართლაც არაფერი გვაშინებს ისე, როგორც სიკვდილი და მიუხედავად ამისა სიკვდილის შიშის ფუნდამენტურ შიშად განხილვა მაინც არ იქნება სწორი.

სიკვდილის შიში ფუნდამენტურთან შეიძლება ყველაზე ახლოს დგას და იმიტომაც დგას, რომ მის თვისებას შეიცავს უდიდესი დოზით, მაგრამ თვითონ ფუნდამენტი, ის რაზეც სიკვდილის შიში, თუ შეიძლება ასე ითქვას – დაშენებულია, სხვა არის… შეუცნობელის შიშია მთავარი, ფუნდამენტური შიში!..

შეუცნობელის შიშია ის “მთა”, რომელიც თავის თავში ისეთ “ლოდებს” შეიცავს, როგორებიცაა ერთგულების, პიროვნებად ჩამოყალიბების, ცვლილებების, გარდუვალობისა და ა. შ. შიშის ის მრავალი ფორმა-გამოვლინებები, რომლებიც ჩვენთვის შიშის მეტ-ნაკლებად “ხელშესახები”, ასე ვთქვათ ყოველდღიური ფორმებია… თუმცა აქ გარდუვალობის შიშის ცალკე გამოყოფაც შეიძლება, ვინაიდან მისი ყველაზე მძაფრი გამოხატულებაც საბოლოო ჯამში სიკვდილამდე დადის, ის კი თავის მხრივ, როგორც შევთანხმდით, ყველაზე ახლოს დგას შიშთან ფუნდამენტურთან, შეუცნობელის შიშთან.

მოდით “ღრუბლებიდან” აქვე ჩამოვხდეთ და შიშის ის ერთი კონკრეტული და ნაცნობი ფორმა განვიხილოთ, რომელიც თავის თავში ფუნდამენტურის ასევე საკმაოდ დიდ დოზას შეიცავს… განვიხილოთ ერთი კონკრეტული ადგილისთვის და კონკრეტული ერისთვის დამახასიათებელი შიში.

ცვლილებების შიში!.. ქართველი ხალხის საქართველოში ცვლილებების წინაშე შიში.

საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტი რუკაზე, თავის ისტორიულ მახსოვრობაში სხვაზე აშკარა დამოკიდებულების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ინახავს, ვიდრე სხვისგან თუნდაც ზედაპირული დამოუკიდებლობის შესახებ ინფორმაციას.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოში დამოუკიდებლობის შიში აქვთ!.. ასეთი მტკიცება სამართლიანი ძალიან ბევრი ერისთვის, ბევრი სახელმწიფოსთვის არის, ოღონდ ჩვენთვის ეს ამით ნაკლებად მტკივნეული არ ხდება.

ისტორიულად საქართველოში ძალაუფლება იმდენად გაუმართავი და ავტონომიურობა შეზღუდული ინსტრუმენტია, რამდენადაც თვითონ ძალაუფალია ყოველთვის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად გარე ძალის ხელშია და მის ნებას აღასრულებს.

პარადოქსია, მაგრამ ჩვენთან ძალაუფლება დღემდე ისეთივე თავსმოხვეული ტვირთია, როგორიც დავუშვათ საშუალო განათლების დაწესებულებაში, კლასში მორიგეობა, რომელიც თავიდან თითქოს ერთგვარი რჩეულობის განცდას ბადებს, თუმცა მალევე ახვედრებს, რომ მისთვის თავის სათანადოდ ვერგართმევის შემთხვევაში მორიგეს დამრიგებელი, მასწავლებელი დასჯის და მორიგეობაც შესაბამისად ყოველთვის შიშნარევი უხერხულობის ფონზე და მისი თანხლებით მიმდინარეობს… ოღონდ კლასს თუ მორიგის დიდად არ ეშინია და არც მორიგეს აკანკალებს მაინც და მაინც დამრიგებლის წინაშე, საქართველოში ხალხს სახელმწიფოს შიში აქვს!.. არც რიდი, არც პატივისცემა, მითუფრო სიყვარული, ადამიანებს ჩვენთან სახელმწიფოსი უბრალოდ ეშინიათ!.. ადამიანების სახელმწიფოს მიმართ შიშს კი, რაც არ უნდა სევდიანად ჟღერდეს, თვითონ სახელმწიფოს სხვის მიმართ შიში განაპირობებს!.. ქვეშევრდომს ეშინია ხელმწიფის, ხელმწიფეს ეშინია დიდი ხელმწიფის!.. დღემდე ეს მარტივი განტოლება განსაზღვრავს ამ ქვეყნის პოლიტიკურ და შესაბამისად ცხოვრების ყველა სხვა ასპექტსაც.

ამასთან ერთად ჩვენთან ძალაუფლება სტატიკურობის რაღაცა მრავალშრიან მონოლითთანაც არის გაიგივებული…  ისეთ ურყევობასთან, რომლის შეცვლაც არაიმდენად შეცვლასთან, რამდენადაც დემონტაჟთან, ნგრევასთანაც კი უფრო მეტად ასოცირდება და ეს ადამიანებში შესაბამის, ასეთი პროცესებისადმი ინსტინქტურ შიშს ბადებს… შიშს, რომლის აქტიურ რეჟიმში ყოფნასა და შენარჩუნებასაც ძალაუფლების ხელში მქონენიც ყველა შესაძლო, დასაშვები და დაუშვებელი ხერხებითაც ხელს უწყობენ.

ცვლილება ჩვენთან, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, სტრესზე უფრო მეტია!.. ერთგვარი მობილიზაციაა, საგანგებო მდგომარეობაა, უცნობი საფრთხის წინაშე დადგომაა ჩვენთვის ცვლილება და შესაბამისად შიშის მომგვრელიც არის!.. ოღონდ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება არ შეიძლება უსასრულოდ გრძელდებოდეს!

არ შეიძლება უსასრულოდ დამფრთხალნი ვიყოთ იმის წინაშე, რაც იდეაში ჩვენ წინამძღოლად, მსოფლიო დაფაზე ჩვენი გადაადგილებების ხორცის შემსხმელად და სულის ჩამდგმელად მოიაზრება, ჩვენი «საწყობის გამგედ» ითვლება თუ გნებავთ, რომელიც პერიოდულად უნდა ახლდებოდეს და ჯანსაღდებოდეს… არ შეიძლება ჩვენგან არჩეული და ყველა მიმართულებით ჩვენივე მოკავშირედ მოაზრებული მანქანა შიშის ჩვენშივე მთესველად გვევლინებოდეს!..

 ვასო შონია

იტვირთბა....