ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ის ბურუსი, რაც გიორგის ბოლო, დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით იყო, გაიფანტა და უკვე ცხადი გახდა, თუ რა მოხდა”

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებები ერთმანეთს ავსებს და საბოლოო ჯამში, მათი ჩვენებებიდან დგინდება, თუ რა მოხდა 19 ივნისსის ღამეს.

„ახვლედიანის და ამირხანაშვილის ჩვენებით, რომლებმაც ერთმანეთი შეავსო, საბოლოო ჯამში, ის ბურუსი, რაც გიორგის ბოლო, დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით იყო, გაიფანტა და უკვე ცხადი გახდა, თუ რა მოხდა.

მოხდა შემდეგი რამ: „ტოიოტადან“ გადმოსული პირები როდესაც დაედევნენ ბავშვს, სამი მათგანი გამოყვა ხიდის მიმართულებით, გადმოირბინეს ცენტრალური მაგისტრალი. ამ სამი პირიდან ორი არასრულწლოვანია და ჩიქოვანი. ორმა პირმა ჩამოუხვია გზის მეორე მხრიდან, ჩამოვიდნენ მანქანის ამოსასვლელში და გიორგის დახვდნენ წინიდან.

მათ რეალურად დაარტყეს ალყა, მოიქციეს ბავშვი შუაში და ცხადი გახდა, რომ ბავშვმა ერთადერთი გამოსავალი იპოვა უკვე ფერდობის მიმართულებით. ყველანი დაედევნენ მას, მდინარის პირას მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, შემდგომ ჩაახრჩვეს წყალში და გაატანეს მდინარის ნაკადს“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....