გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმეში არსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის ფაქტი. ამის შესახებ ნიკოლაძე ფეისბუქზე წერს.
“მიუხედავად იმისა, რომ როგორც მინიმუმ უკვე მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები, გაუთავებელ მითქმა-მოთქმას ბოლო არ უჩანს. […]
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ უკვე სამი დღეა ყველას, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ ტოიოტადან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში”, — წერს ნიკოლაძე ფეისბუქზე.