გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებში მონაწილეთა გათავისუფლება დანაშაულის დაფარვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ნიკოლაძეს საგამოძიებო უწყებასთან პრეტენზია არ აქვს.
„ტოიოტა ქემრის ავტომობილის მგზავრების გათავისუფლება ნიშნავს, რომ უნდა შევუწყოთ ხელი დანაშაულის კვალის დაფარვას, დამნაშავეებს შორის აქტიურ კონტაქტს და იმას, რასაც ისინი თვითონ ახორციელებენ, რომ არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მიზანი აქვთ ის, რომ ყველაფერი იყოს დაბლოკილი და ჩაკეტილი. თუ ეს უნდა მოხდეს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. კითხვები გვიჩნდება და გავდივართ გამოძიებასთან, მაგრამ პრეტენზიები არ მაქვს“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.