საქმე დამძიმდება და დაკავებულები განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გახდებიან – ამის შესახებ, გარდაცვილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ყველანაირ “გასაქანს”.
“პროცესიული კანონმდებლობით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ. გამოყოფის შემდეგ ჩვეულებრივად არაფერში არ არის შეზღუდვა, არანაირი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ყველანაირ გასაქანს, რომ არსებულ ეპიზოდში თუ გამოიკვეთება განზრახ მკვლეობა და ჩვენი ღრმა რწმენით, გამოიკვეთება. იქ მიესჯებათ 226-ში, უბრალოდ, აქ აღარ მიესჯებათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე ბრალდება გაორმაგებულად ხომ არ შეეფარდებათ და ისინი აქ, 109-ე ეპიზოდში, ჩვეულებრივად გახდებიან განზრახ მკვლელობის ბრალდებულები”, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისთვის, არასრულწლოვანის ადვოკატმა განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებებით არასრულწლოვნებს ბრალს ვერ დაუმძიმებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.