19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მოწმე ანა გაბეჩავა განცხადებას ავრცელებს. გაბეჩავას განცხადებით, პირველი ადამიანი, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაიკითხა ის იყო და იმ დღიდან მოყოლებული ყველანაირად ეხმარება გამოძიებას. მისი თქმით, ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ეტაპობრივად გახდა ცნობილი, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„გადავწყვიტე, რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირველი ადამიანი, ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს, რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა, რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა, რომ გამერკვია, თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო: 1. მარტო არ მსურდა წასვლა; 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა, რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას.
მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია, ამომწურავად გაგცემთ პასუხს… მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში“ – წერს ანი გაბეჩავა.