ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვიცი ჰქონდა თუ არა გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი” – კონსტანტინე ღიბრაძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით ხელახლა გამოკითხული დიჯეის, კოკო ღიბრაძის ჩვენების მიხედვით, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე დიჯეის როლში მის ყოფნას მცირედი შელაპარაკება მოჰყვა.

კოკო ღიბრაძე, რომლის ჩვენებაც საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომშია, საგამოძიებო უწყებას განუმარტავს, რომ საქმის გარშემო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალების დამატება სურს.

„არის რამდენიმე დეტალი, რაც მე 2020 წლის 19 ივნისს გამოკითხვისას კარგად არ მახსოვდა, ვინაიდან, წინა ღამით განვითარებული მოვლენების გამო ვიყავი უძილო და გადაღლილი. დროთა განმავლობაში გამახსენდა რამდენიმე დეტალი, რაზეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის. ჩემ წინა ჩვენებას, მასში ასახულ გარემოებებს ვეთანხმები, არ უარვყოფ, გარკვეულ გარემოებებს კი განვავრცობ“, – აცხადებს ღიბრაძე.

საგამოძიებო უწყების კითხვაზე, მცხეთაში, აგარაკზე გამართული წვეულებისას მისთვის, როგორც დიჯეისთვის ხომ არ მიუყენებია ვინმეს რაიმე სახის შეურაცხყოფა, ან ჰქონდა თუ არა ადგილი მცირედ შელაპარაკებას, ღიბრაძე პასუხობს, რომ მას ერთ-ერთმა სტუმარმა არასასიამოვნოდ მიმართა.

„ჩემი დიჯეის როლში ყოფნას წვეულებაზე არსებითი მნიშვნელობის არა, თუმცა, მცირედი შელაპარაკება მოჰყვა. ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა, მე ხმამაღლა მომმართა „ეე დიჯეი“, რაც ჩემთვის არასასიამოვნო იყო, მე მივედი მასთან და ვუთხარი, რომ დაქირავებული დიჯეი არ ვიყავი, მე დაბადების დღეზე მისული ვიყავი, როგორც ანა გაბეჩავას მეგობარი, ხელი ჩამოვართვი და ამით დასრულდა ეს საკითხი“, – აცხადებს ღიბრაძე.

მისი თქმით, არ იცის, ჰქონდა თუ არა გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი.

„მე არ ვიცი ჰქონდა, თუ არა, გიორგი შაქარაშვილთან ვინმეს პირადი ანგარიშსწორების მოტივი, არც დაბადების დღეზე შემინიშნავს რაიმე ამ კუთხით. გზაზე მოძრაობისას გიორგი შაქარაშვილმაც მითხრა, რომ მას წვეულებაზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. დაზუსტებით შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვთქვა, რომ ჩემთან მიმართებაში დაბადების დღეზე მყოფ არცერთ პირს რაიმე მიზეზი არ ჰქონია ანგარიშსწორებისთვის.

იტვირთბა....