ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავაჟღერე მცდარი ინფორმაცია” – ნიკოლაძე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე “პალიტრანიუსის” ეთერში აცხადებს, რომ გამოძიებასთან შეთანხმებით რამდენჯერმე მცდარი ინფორმაცია გააჟღერა.

ნიკოლაძე ფაქტს, ოჯახის პოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე ხსნის.

“რამდენჯერმე გამოძიებასთან შეთანხმებით, მიზანმიმართულად გავაჟღერე მცდარი ინფორმაცია. პირდაპირ გეუბნებით, გულწრფელად.

მიზანი ის იყო, რომ, როდესაც ოჯახის პოზიციის კომენტირების ხარისხი ვიცოდით, იქ ასევე ვიცოდით შესაბამისი რეაგირებები – რა როგორ ხდებოდა და რის მიხედვით, პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ხდება.

ამიტომ, რაღაც ეტაპებზე ჩავთვალეთ, რომ ამით შეიძლება გარკვეული პირების ერთგვარი ტესტირება მომხდარიყო და იქიდან სათანადო ინფორმაცია მიგვეღო, ამასაც კი ვაკეთებთ, ოღონდ შედეგი იყოს ისეთი, რომ სალაპარაკო არ გახდეს მერე, თითქოს მარტო ოჯახს უნდა ვიღაცის განზრახ მკვლელობით დასჯა და თურმე ასეთი მკვლელობის ფაქტი არ ყოფილა. ასე არ იქნება ბოლოს, ძიება რომ დამთავრდება, ბევრად წინ ვიქნებით, ვიდრე დღეს ვართ, თუმცა, რაც დღეს გვაქვს, ისიც საკმარისია”, – განაცხადა ნიკოლაძემ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....