ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო” – ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალი და ახალი ტომი ხდება ცნობილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულების ადვოკატებს საქმის ახალი მასალები გადაეცათ.

ერთ-ერთ ახალ ტომში დაზარალებული გიორგი ქათამაძის დედის ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაა, რომელშიც მისი შვილის მონათხრობს დეტალურად აღწერს.

„როდესაც ტელევიზიით გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი და გიორგის ამის შესახებ ვკითხე, მითხრა, რომ დაბადების დღიდან წამოვიდა კოკოსთან, ვახო ახვლედიანთან და კიდევ სამ ბიჭთან ერთად. სულ იყვნენ ექვსნი, ელოდებოდნენ ტაქსის. მათთან მივიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებიც ვერ იცნო. რამდენი, არ ვიცი, ერთ-ერთი მათგანი უფრო სრული აღნაგობის. გიორგიმ დაინახა, რომ კოკოს ერთ-ერთმა მათგანმა მოუქნია ხელში არსებული სავარაუდოდ რკინის ხელკეტი. როდესაც გიორგი კოკოსკენ გაიწია, უკნიდან მოხვდა რაღაც, დაეცა და დაკარგა გონი, თუმცა ახსოვს, რომ  უცნობი პიროვნებები დაცემულზეც ურტყამდნენ თავის არეში.

გიორგიმ თქვა, რომ როდესაც გონს მოვიდა, ჩამოეყრდნო რაღაც რკინას. რა რკინაზეა საუბარი, გიორგის არ ახსოვს და ვერ აკონკრეტებს. ამ დროს მასთან მივიდა ვახო და კიდევ 2 ბიჭი. ამის შემდეგ, გიორგის თქმით, მათთან მივიდა მეორე მანქანა. მათ იფიქრეს, რომ ისინიც მათთან საჩხუბრად არ ყოფილიყვნენ მისული და გაიქცნენ. კერძოდ, ვახო და კიდევ ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გიორგი შაქარაშვილი, მირბოდნენ გიორგის წინ. ვინაიდან გიორგის აღარ ჰქონდა სირბილის თავი, გადაჭრა გზა და ჩაიმალა გზის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში. როგორც გიორგიმ თქვა, მათ უცნობი პიროვნებები ეძახდნენ ‘მიდით ბოლომდე ირბინეთ, ბოლომდე უნდა გდიოთო’. შემდეგ, გიორგის გადმოცემით, როდესაც ცოტა სიტუაცია მიწყნარდა, ის გადავიდა იქვე მიტოვებულ შენობასთან და ჩაიმალა. ის იყო მარტო, ტელეფონით დაუკავშირდა ვიღაც მეგობარს, რომელსაც სთხოვდა დახმარებას. მას ასევე დაუკავშირდა ვახო ახვლედიანი. მათ იქვე ნახეს ერთმანეთი და ვიღაცის მანქანით ერთად წამოვიდნენ თბილისში“, – ნათქვამია ხათუნა ძოწენიძის ჩვენებაში.

ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....