დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის და თვენახევრის განმავლობაში ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეიცვალა და პირიქით არის.
მისი თქმით, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც ყურადღება მისაქცევია და შესაბამისი ზომებია გასატარებელი.
„საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია. დღესაც ის ემორჩილება კონტროლს, მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში, თუ მანამდე ჩვენთან შემთხვევათა რაოდენობა 2-3-4 იყო, ახლა უფრო მომატებული გვაქვს, რაც საყურადღებო ინდიკატორია და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 10-11 შემთხვევა. დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა გახლავთ 10 და საერთოდ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა გვაქვს 1049 დღეისთვის. დღეს არის ახალი დადასტურებული 10 შემთხვევა, აქედან 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, აქედან 3 ერთ-ერთი იმ წერტილიდანაა, რომელიც ასე ვთქვათ „ცხელდება“, ეს გახლავთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლება. დღევანდელი 3 ახალი შემთხვევა სწორედ იქედან გვაქვს. 3 შემთხვევა არის იმპორტირებული და ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის მონაცემებს ვაჯამებთ ხოლმე, როდესაც საკოორდინაციო საბჭოზე ვახსენებთ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში დაფიქსირებული და 46 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე დამაფიქრებელი ინდიკატორია“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.