გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თავად და 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლები დღეს პროკუპატურაში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები, როგორც პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხშირია. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.
“ჩვენ შევხვდით გენერალურ პროკურორს. შეხვედრა შეეხებოდა გიორგის განზრახ მკვლელობის საქმის დეტალებს. გვქონდა გარკვეული კითხვები, მივიღეთ გარკვეული პასუხები, გავცვალეთ ვერსიები და პროკურატურამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სიმართლის ბოლომდე დასადგენად.
მანამდეც გვქონია ასეთი შეხვედრები, როგორც შსს-ს ხელმძღვანელობასთან, ასევე პროკურატურის ხელმძღვანელობასთან. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გარდაცვლილის მშობლებს, მე მაქვს ასეთი შეხვედრები ძალიან ხშირი” – განაცხადა ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.