“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ეხმაურება.
როგორც ბურჯანაძე აცხადებს, “ოცნება” არჩევნების ჩატარებას კორონავირუსის პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებს.
“დიდი პატივისცემით მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც მართლაც ამ კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობასაც და მოსახლეობასაც, მხედველობაში მყავს ექიმები და ეპიდემიოლოგები. მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიისა და პანდემიის დროს ეპიდემიოლოგებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე. რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველ გუნდი საპარლამენტო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს ამ წარდგენაზე. ჩვენ ვართ ასეთი ერთადერთი ქვეყანა იმიტომ, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კოჯორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები: ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე და ლევან რატიანი ესწრებოდა.
შეგახსნებეთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” კოჯორში, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა.
ყრილობა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და შემდეგ სიტყვა ბიძინა ივანიშვილს გადასცა.