საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება
“პრეზიდენტი რომ ხარ და ამბობ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი ვარო და მერე იქვე ეუბნები სახალხო დამცველს, ჩემს უფლებებს არ იცავო.
აქვე პრეზიდენტი ამბობს რომ ჩემს მიმართ მუქარა განხორციელდა და დაისაჯნენ პირები და რატომ არაფერი თქვა სახალხო დამცველმაო. გულწრფელად ვურჩევ პრეზიდენტს გაეცნოს ჩვენს მანდატს.
პრეზიდენტო, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მუშაობენ და პასუხისგებაში მიცემას ახდენენ პირის, ეს ნიშნავს რომ ადამიანის უფლებები არ ირღვევა. როცა არ მოხდება ეს, მაშინ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის ჩარევა.
ეს განცხადება იმ სამწუხაროდ კამპანიის გაგრძელებაა, რომ სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას თანამდებობის პირები კრიტიკისგან. ძვირფასებო ძლიერნო ამა ქვეყნისანო, თქვენ უნდა აიტანოთ კრიტიკა (მათ შორის მძაფრი) და როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა უძახდეთ. სახალხო დამცველი არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად და ადამიანის უფლებებში არსებობს ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს სახელმწიფო (2×2=4)”, – წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რითაც სახალხო დამცველს მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.