“ნაციონალური მოძრაობა” ვერ და არ დატოვებს “ძალა ერთობაშიას” – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ “მეტრონომს” განუცხადა. მისი თქმით, “ძალა ერთობაშია” სწორედ მათი დაკომპლექტებულია და მიზანია ამ გაერთიანების უფრო მეტად გაფართოება. თუმცა, სრულიად საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება, რომ “ნაცმოძრაობა“ „ძალა ერთობაშია“-ს გამოეყოფა და 2020 არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
ხატია დეკანოიძის თქმით, წინასაარჩევნოდ “ძალა ერთობაშია” ახალი სახეების მოზიდვას და გაერთიანების უფრო მეტად გაფართოებას იწყებს.
“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, ეს სინერგია შევქმენით ჩვენ, არავინ არაფერს არ ტოვებს, პირიქით” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ “მეტრონომთან”.
რამდენად აწყობს ან არ წყობს “ნაციონალურ მოძრაობას” იმ გაერთიანების დატოვება, სადაც კიდევ 10 პარტია შედის, – ამ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ახალი პირობების თანახმად, იმისათვის, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს, საჭიროა მან 1%-იანი ბარიერი გადალახოს, რაც ამ ვითარებაში “ძალა ერთობაშიაში” გაერთიანებულ ყველა პარტიას გაუჭირდება.
შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს მანდატების გადანაწილება, რაც ოპოზიციური პარტიისთვის წამგებიანია. გამოდის, რომ “ნაციონალურ მოძრაობისთვის” მომგებიანი იქნება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლად და არა 10 სხვა პარტიასთან ერთად.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებას ახალი ერთიანი ბლოკის დაკომპლექტება გაუჭირდება. ოპოზიციის მიზანი არა მხოლოდ 1%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება, არამედ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამარცხება.
“პრაგმატული თვალსაზრისით, “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევნია ცალკე გამოვიდეს. ვითარება შეიცვალა დღეს, – 1%-იანი ბარიერია. “ძალა ერთობაშიაში” შემავალ პარტიებს, თუ მათ აქვთ იმის შანსი, რომ გადალახონ 1%-იანი ბარიერი, ურჩევნიათ დამოუკიდებლად იყარონ კენჭი. ამით ისინი მოახდენენ ოპოზიციური ელექტორატის სრულ მობილიზებას.
ამ გაერთიანებაში ამომრჩეველი შეიძლება რომელიმე პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ რადგან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთადაა, თავი შეიკავონ მხარდაჭერისგან. რადგან არის 1%-იანი ბარიერი, ჯობია ამ პარტიებმა კენჭი იყარონ ცალ-ცალკე. ამ შემთხვევაში ეს “ნაციონალური მოძრაობისთვის” მომგებიანია, თუმცა, თუ ერთიან ბლოკს გააკეთებენ და ამ ბლოკში რამდენიმე პარტია შევა, რომელთაც 1%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი არ ექნებათ, “ნაციონალურმა მოძრაობას” მის მიერ მიღებული ხმების გადანაწილება მოუწევს, – ანუ მანდატი აჩუქოს და ეს რატომ აძლევს ხელს “ნაციონალურ მოძრაობას?”
გაერთიანების შემთხვევაში, ექნებათ პრეტენზია, რომ არა 1%-იანი ბარიერი გადალახოს, არამედ “ქართულ ოცნებას” მოუგოს და პირველ ადგილზე გავიდნენ. ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება მთავრობა დააკომპლექტონ” – გვითხრა ძაბირაძემ.
აქვე გეტყვით, რომ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ ღირებულებებზე, ყოფილ თანაპარტიელებზე და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ გამოჩნდება შეხვედრაზე, ეს ნიშნავს რომ „ძალა ერთობაშია“ დაიშალა. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
თამარ შუკვანი