10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც “კოვიდ-19” ყარაჯალაში დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ის სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი. მშობლების თქმით, ჩვილს კორონავირუსი არ აქვს და მისი მდგომარეობა მაშინ გაუარესდა, როდესაც ნესვი მიირთვა და დიარეა დაეწყო. მათივე მტკიცებით, ოჯახში სიმპტომებიც კი არავის აქვს და შესაბამისად არც თვითიზოლაციაში არიან.
ჩვილს თავდაპირველად დიარეა და ნაწლავური ინფექცია ჰქონდა. დედის ლაბორატორიული ანალიზის პასუხი “კოვიდზე” უარყოფითია.
10 თვის ბავშვის მკურნალი ექიმის ნინო გაბისონიას განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას “კოვიდ-19”-ზე ტესტი ორჯერ ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვის დედასთან რამდენიმე დღეში PCR ტესტსაც გაიმეორებენ, რომ დადასტურდეს, არის თუ არა დედა ნამდვილად კოვიდ უარყოფითი.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი.