“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას პარტია “ქართული ოცნების” თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს. მისი თქმით, ის საქმეში მთავარ ფიგურანტებს მფარველობს, რადგან ივანიშვილი “დავალებულია” მათგან. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ის (გიორგი შაქარაშვილი) მოკლულია ქურდ-ზონდერების მიერ. შემდგომ კვალის წასაშლელად ჩართულია სახელმწიფო სტრუქტური, სპეციალური სამსახური და არა მათი ინიციატივით, არამედ პირველი ოჯახიდან დავალებით, რადგან ივანიშვილის ოჯახი უაღრესად დავალებულია. შეუძლებელია საქმის დამუხრუჭება, კვალის წაშლა, გამოძიების დაბლოკვა განხორციელებულიყო რომელიმე სხვა სახელმწიფო მოღვაწის ინიციატივით. ოჯახიდან არის პირდაპირ დავალება, – ჩვენ ბიჭებს ჩაგრავენ, ჩადით და გაარკვიეთო” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.