“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, დავით სარალიძის საქმის შემდეგ, ხელისუფლებამ “ჭკუა ისწავლა” და გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ბიძა “მიუჩინა,” რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მაშინ მოხდა. ამის შესახებ ელისო კილაძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ხელისუფლებამ სარალიძის საქმეზე ჭკუა ისწავლა – შვილმოკლულმა მამამ ქუჩაში რომ დაგვიძახა, მთელი თბილისი გარეთ გამოვიდა, რასაც მთავარი პროკურორის და მთავრობის გადადგომა მოყვა.
შაქარას საქმეზე თადარიგი იმიტომაც დაიკავა წინასწარ – მშობლებს “ადვოკატი” ბიძა მიუჩინა ზედამხედველად და რომ არა მედია, ან თვითმკვლელობით გაფორმდებოდა საქმე, ან უბედურ შემთხვევად.
ის თავის “საქმეს” აკეთებს – ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ” – წერს ელისო კილაძე.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელის საქმეზე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.