19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.
გამოძიებას დაკავებულთათვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა დარჩა.
იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული სასმართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.