რა აკავშირებთ ერთმანეთთან დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და ადვოკატ მირიან ნიკოლაძეს, როგორ მოხვდა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსში“ – გედევან ფოფხაძესა და მირიან ნიკოლაძეს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ისინი ერთმანეთთან სტუდენტობიდან მეგობრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
„ჩვენ ვართ კურსელები. იურიდიული ფაკულტეტი გვაქვს დამთავრებული. ჩვენ სტუდენტობიდან ვმეგობრობთ. მან 2004 წელს პროკურატურა დატოვა. მერე ის ოპოზიციაში იყო, თუმცა მას არანაირი პერსონალური პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონია.
ოპოზიციის გვერდით უანგაროდ შრომობდა. ჩვენ მეგობრობა არ შეგვიწყვეტია, ამ პარტიას, როცა ვაფუძნებდით, ერთად დავგეგმეთ რაღაცები და პოლიტსაბჭოს წევრები ავირჩიეთ“- განაცხადა ფოფხაძემ სააგენტოსთან საუბრისას.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა მირიან ნიკოლაძის განცხადებას, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ფოფხაძე პასუხობს:
„ის მაჟორიტარობას არასდროს გეგმავდა, მაგრამ რაღაც ფორმით არჩევნებში რომ მიიღებს მონაწილეობას, ეს ცხადია. როცა პოლიტიკური პარტიის წევრი ხარ, საარჩევნო პროცესში ერთვები. ასეთი განცხადება მაინც არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება, გარემოებები შეიცვალოს და საჭირო გახდეს მისი არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პრინციპიდან – ვინ გვინდა პარლამენტში, კვალიფიციური იურისტი პარლამენტში გვინდა“ – განაცხადა ფოფხაძემ.