„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას სამსახურში არ აღდგენით კანონს არღვევს.
„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკანონოდ შეუწყვიტეს საქმიანობა. მერე მიმართა იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს ეს უფლება. მინისტრი წულუკიანი ამ ბრძანებას არ ასრულებს, რაც არის კანონდარღვევა. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ” – განაცხადა კაპანაძემ.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწოდა უზრუნველყოს თეა წულუკიანის პარლამენტში მოსვლა.
“ეს არის ბოლო სესია ამ ორი დღის განმავლობაში. იქნებ მოვიდეს წულუკიანი პარლამენტში. რაც ვიცით და ღია ინფორმაციაა, ის არღვევს კანონს, არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვინდა რომ გვიპასუხოს. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაა უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა პარლამეტში. კიდევ ერთხელ გთხოვთ პარლამენტის მუნდირის დასაცავად, იქნებ უზრუნველყოთ ხვალ ზეგ ან დღეს, ამ სამი დღის განმავლობაში წულუკიანი მოაბრძანოთ პარლამენტში,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისთვის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, მას 19 ივნისს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ იუსტიციის სამინისტრო დაადანაშაულა და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. მან ასევე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.