19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და პარტიულ საქმიანობაში ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე ჩაერთო.
„ამ პოლიტიკური პარტიის თანადამფუძნებელი ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად. დიდი ხანია, ვმეგობრობთ. ამავე დროს, ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ეს ყველაფერი იყო ამ ტრაგედიამდე დიდი ხნით ადრე და ბუნებრივია, ეს რეჟიმი გრძელდება, მიუხედავად ჩემი პირადი ოჯახური პრობლემებისა, რაც გიორგის გარდაცვალებას უკავშირდება. ყოველთვის აქტიური ვიყავი, როგორც მოქალაქე. ძალიან ხშირად მიწევდა პოლიტიკურ თემებში მონაწილეობა და ეს კვლავაც გაგრძელდება. ჩემი მსოფლმხედველობითა და ღირებულებებით სრული თანხვედრა მაქვს ამ პარტიასთან. რაც შეეხება საარჩევნო რეჟიმს, ამისთვის არც მეცალა, არც ამის ნერვები და დრო მქონდა. როდესაც გიორგის მკვლელებს დავაბინავებ, როგორც საჭიროა, მერე უკვე აქტიურად ჩავერთვები“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა – მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა შექმნეს, თბილისში დღეს ცენტრალური ოფისი გახსნა.