ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ტატიშვილს უფლებები შეეზღუდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.
“ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე. ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი.
მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”, – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.