„კონკრეტული ბრალდებული არ გვყავს, ამიტომ ეს კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სიხარული, მე ვფიქრობ, სრულიად არარეალურია“, – ამის შესახებ კომპანია BLB-ის პარტნიორმა, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაია მწარიაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მწარიაშვილმა აღნიშნა, გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია იყო, დანაშაულის გარემოებების დადგენის კუთხით ახალს ვერაფერს ამბობს.
„ეს დასკვნა არ არის გასაღები ამ წუთას დანაშაულის გარემოებებისთვის. ის რაღაც აჟიოტაჟი, კვალიფიკაციის დაზუსტება, ის ამბები, რაც საზოგადოებაში მოჰყვა, ეს ლოგიკურად ამ დასკვნას არ უნდა მოჰყოლოდა. ეს დასკვნა ჯერ არაფერს ისეთს არ ამბობს, რასაც სიცხადე შეუძლია სიცხადე შეიტანოს თვითონ დანაშაულის გარემოებებში, ანუ გარდაცვალების მიზეზებში. გარდაცვალების მიზეზი რომ ასფიქსია იყო, ეს გავიგეთ, მაგრამ ასფიქსიის გარემოებებამდე როგორ მივიდა შაქარაშვილი, ეს როგორი ბნელითაც იყო მოცული, ისევ ისეა“, – აცხადებს მწარიაშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.