ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვისი დნმ-ის კვალი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე” – ოჯახი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

“უახლოეს პერიოდში ველოდებით გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც უნდა უპასუხოს, ვისი დნმ-ის კვალი შეიძლება იყოს გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე”, – გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე, გახდება ცნობილი, რა პირობებში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარე არაგვთან, ხიდის სვეტზე.

„ოჯახის პოზიცია კატეგორიულია. განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება წარედგინოს „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ ექვსივე პირს, რომლებიც გამოედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან მყოფ ბავშვებს. სწორედ მათ მიერ არის ჩადენილი ეს განზრახ მკვლელობა. ვმუშაობთ იმაზე, ხომ არ იღებდნენ სხვა პირებიც რაიმე ფორმით მონაწილეობას, იგივე მერსედესის მგზავრები და კიდევ სხვებიც. თუ კი გამოიკვეთა უმნიშვნელოდ მაინც ბრალეულობა, იმავდროულად დადგება მათი პასუხისმგებლიბის საკითხი ანალოგიური კვალიფიკაციით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, არც ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებას და არც „ქამროიში“ მსხდომი პირების გარდა, საქმის ფიგურანტებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებასაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....