შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დამატებითი პრევენციული ღონისძიების გატარების საჭიროება არ არსებობს და უსაფრთხოების ზომნების გამკაცრების რეკომენდაცია ცენტრს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია.
„გუშინ გაცხადდა, რომ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს დაუფიქსირდა კორონაინფექცია, თუმცა ის ცხრა აბიტურიენტი, რომლებიც განთავსებული იყვნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი კვლევების შემდეგ, ჩვეულებრივად გააგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას. უბრალოდ ჩვენ მათ შევუქმნით განსაკუთრებულ პირობებს, ისინი იქნებიან იზოლირებულად მოთავსებულნი სარეზერვო სივრცეებში, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან სამმხრივი ფარით.
დამატებითი რეკომენდაციები არ გვქონია, რადგან, როდესაც ვემზადებოდით, ჩვენ ამ შემთხვევისთვისაც ვიყავით მზად და გვქონდა უკვე სპეციალური სარეზერვო სივრცეები, სადაც სამმხრივი შემოსაზღვრული ფარით განთავსდებიან დანარჩენი აბიტურიენტები. შესაბამისად, რაიმე რეკომენდაციის შეცვლას ან გამკაცრებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული და არსებული რეკომენდაციებით ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.